ეკონომიკა და ახალი წელი

გიორგი ცუცქირიძე

2019 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.4 პროცენტი შეადგინა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის ნოემბერის ზრდის 2.2 პროცენტიან მაჩვენებელს. შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ზრდა 5.3 პროცენტს გაუტოლდა, რაც ასევე აღემატება არა თუ გასული წლის ზრდის დონეს, არამედ მიმდინარე წლის 4.6 % იანი ზრდის პროგნოზსაც!

აღსანიშნავია, რომ ზრდის ასეთი მაღალი დინამიკა, მიღწეული იქნა საკმაოდ ცხელი პოლიტიკური ზაფხულ-შემოდგომის პირობებში, რასაც თან სდევდა საგარეო ფაქტორებიც, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების სახით.

მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მახასიათებელია ეკონომიკის დივერსიფიკაციის მზარდი ტენდენცია, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე მშენებლობის და მომსახურების სექტორებში.
განსაკუთრებით, წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ეკონომიკურ ზრდის კონტრიბუციაში პოზიტიურად აისახა წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკაც, ხოლო ნოემბერში, ექსპორტის სარეკორდო ზრდა დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა, რანაც პოზიტიურად იმოქმედა სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე და სავალუტო კურსზე მთლიანად.

ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ფინანსური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში.

ცალკე მსურს ტურიზმის გამოყოფა, რადგან ივნისის ცნობილი მოვლენები, რაც რევოლუციური სცენარის მაღალი რისკების მატარებელი იყო, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის შენელების საშიშროებას, რაც პირველ რიგში ტურისტულ ინდუსტრიაზე აისახებოდა ნეგატიურად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ემბარგომ ტურისტულ ინდუსტრიაზე და პოტენციურ შემოსავლებზე მაინც ნეგატიურად იმოქმედა, მთავრობამ კოორდინირებული და ინოვაციური მიდგომებით შეძლო ამ პოტენციური დანაკარგების მინიმიზაცია, რასაც 2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მხრიდან დაგრძელებული და პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები არც თუ იშვიათად, არეულობისა და დესტაბილიზაციის ელფერს ატარებდა, რაც ნეგატიურ ეკონომიკურ მოლოდინებს აჩენს, და რამაც ტურისტული ინდუსტრიის და ეკონომიკის შემოსავლები ათეული მილიონობით დოლარით შეამცირა, ხოლო ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა, ტურისტულ სექტორში მაინც მაღალი ზრდა გვაქვს და სამწუხარო ის არის, რომ არა პოლიტიკური ოპიზიციის ქმედებებისა შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა.

2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.
რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
რაც მთავარია, 2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან გაიზარდა, 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს.

მიმაჩნია, რომ ამ შედეგის დადგომა, როდესაც მთავრობის როლზე მსაუბრობ, იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ სწორად შეირჩა ბაზრების დივერსიფიკაცია და მაღალმხარჯველუნარიან ტურისტულ სეგმენტზე ქვეყნის პოზიციონირება, რაც წარმატებით განხორციელდა მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების საშუალებით.

ბოლოს კი, დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს გილოცავთ, 2020 წელი კიდევ უფრო მაღალი ზრდის და წარმატებების წელი ყოფილიყოს!

 

0 Reviews

Write a Review

Read Next

ტრამპის შეცდომა – ჩვენ როგორ ვუშველოთ თავს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *