მუქი ნათელი

ერთ მშვენიერ დილას მაცხოვარი იჯდა იერუსალიმის ტაძრის წინ და უამრავ ხალხს ასწავლიდა ჭეშმარირებას. „…და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ“ (იოანე 8:2). და ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა უბრალო ხალხის მაცხოვართან ურთიერთობის ეს ნეტარება, სანამ „…მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?“ (იოანე 8:3-4-5).

ასე ხდება ყოველთვის, როდესაც სიყვარულს მოწყურებული ხალხი ტკბება მაცხოვართან თავისი ურთიერთობით, და აუცილებლად ჩნდებიან ისინიც – მწიგნობარნი და ფარისეველნი, რათა თავის მეკავშირე სატანასთან ერთად დაარღვიონ ეს იდილია, ფეხქვეშ გათელონ მშვიდობა და ნეტარება თავისი შხამით დაგესლონ. ამ დროს, რა დიდი გმირობა ჩაიდინეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა? ომი მოიგეს? რომაული იმპერიის ოკუპაცია დაამარცხეს? თუ ავაზაკთა ავაზაკი შეიპყრეს? არა! მათ ერთი უბედური და აკანკალებული ქალი მოიყვანეს სოლომონის ტაძარში, „უმძიმესი“ ბრალი დაუყენეს და განაჩენის გამოსატანად უფალს მიმართავენ ცბიერი კითხვით: „შენ რაღას იტყვი?“.

ჯერ კიდევ ორიოდე წუთის წინ უფალთან ურთიერთობით გაბედნიერებული ხალხი შიშით გაეცალა იქაურობას. მაცხოვარი გარკვეულ ხანს დუმდა თავჩაღუნებული, დუმდა და რაღაცას წერდა ტაძრის ეზოში მიმოფანტულ ქვიშაზე. რას წერდა უფალი? ეს იმდენად საზიზღარი და საშინელი რამ იყო, რომ ვერ შევიდოდა სიხარულისა და სიყვარულის სახარებისეულ ისტორიაში. მაგრამ აპოკრიფებმა შემოგვინახეს ეს მეტად დრამატული ამბავი.

მაცხოვარი ქვიშაზე წერდა მასთან მოსულ მწიგნობართა და ფარისეველთა მიერ ჩადენილ საკუთარ უმძიმეს ცოდვებსა და ცოდვით დაცემანს:

მეშულამი – ტაძრის კუთვნილი ფასეულობების მითვისება
აშერი – მრუშობა საკუთარი ძმის ცოლთან
შალუმი – დადებული ფიცის დარღვევა
ელედი – საკუთარ მამას ხელი გაარტყა
ამარნაქი – ქვრივის საკუთრების მითვისება
მერარი – სოდომური ცოდვის ჩადენა
იოილი – კერპთაყვანისცემა…

ასე, ყველას შესახებ წერდა უფალი და ყოველი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მოსეს რჯულის თანახმად ქვებით ჩაქოლვას ექვემდებარებოდა. ხოლო მის გარშემო შეკრებილებს საშინელი შიში შეეპყრა და ვერც ერთმა ვეღარ გაუბედა მაცხოვრისადმი კითხვით მიემართა: „შენ რაღას იტყვი?“. ხოლო იმ უბედურ ქალზე ვიღა ფიქრობდა…

უფალმა დიდ ხანს მათ არაფერი არ უპასუხა, მას სძულდა მათ მიერ ჩადენილი საზიზღრობების ხმამაღლა გაჟღერება, ხოლო ქვიშაზე იმიტომაც წერდა კაცთმოყვარე უფალი, რომ დაწერილი მალევე წაშლილიყო და მათ მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებ აღარავის გაეგო, თორემ განრისხებული ხალხი პირველ რიგში მათ ჩაქოლავდა ქვებით. მას კი, არავის სიკვდილი და დასჯა არ სურდა. „მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა” (იოანე 8:7).

„ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი“ (იოანე 8:9). სოლომონის ტაძრის წინ მოედანი მალევე დაცარიელდა, დარჩნენ მხოლოდ ორნი. მაშინ უფალმა კითხვით მიმართა ქალს: „…სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ (იოანე 8:10). გონს მოსულმაც, მან უპასუხა: „…არავინ, უფალო…“ – „და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ” (იოანე 8:11)…

რა ხდება დღეს? ისევ მარტოა უფალი ტაძრის ეზოში, ისევ მიატოვა იგი ერთ ხანს მადლიერმა მსმენელმა, ზოგი პანიკას ქმნის, ზოგი პანიკას ებრძვის, ზოგი საზღვარგარეთ მიეშურა, ზოგი თავისი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებით აშინებს თავისი ქვეყნის ოკუპანტს, ზოგი წარმატებულად გაურბის მის დაცვას იარაღით ხელში, ზოგი წურბელასავით წოვს თავის დედასამშობლოს უკანასკნელ სისხლსა და წვენს, ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ…

მაგრამ აი ისინიც, თანამედროვე მწიგნობარ-ფარისეველნი, რომლებიც კვლავინდებურად ქვებით ხელში, ამჟამად ხელისუფლების ჩაქოლვაზე ითხოვენ ინდულგენციას ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით. განა უცოდველია ხელისუფლება? მაგრამ ვინ ითხოვს მის დასჯას? ვინ ადანაშაულებს მას ყველა სასიკვდილო ცოდვაში? კვლავ იწერება ქვიშაზე უფლის სამართლიანი ხელით მათი საკუთარი საშინელი დანაშაულებანი – მრუშობა, სოდომური ცოდვა, ქურდობა, სული წმინდის გმობა, ქვეყნის ტერიტორიის განიავება, ეკლესიის განადგურების მცდელობა და სხვა რიცხვით ბევრი ვნებანი. მაგრამ, თუ მათ სულიერ წინამორბედებს, შერჩენილი სინდის-ნამუსის ნაპერწკლებმა თუნდაც, დააყრევინეს ქვები ხელიდან, ესენი არა თუ ყრიან, ახალ ქვებს აგროვებენ თავისი ცრუ-მესიის მეორედ მოსვლის მოლოდინში, კიევი-თბილისის რეისით… და როგორ უნდა ინატრო, იმდროინდელი მორალის მქონე ოპოზიცია გყავდეს დღეს, რომელსაც ოდნავ მაინც შემორჩა სინდისი, ამ უნამუსო, გაბოროტებული და ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკური “სექონდ-ხენდის” სანაცვლოდ… არა და, რა ბედნიერია ის სახელმწიფო, რომელსაც ნამუსშემორჩენილი ოპოზიცია ჰყავს.

ხელისუფლება კი, იმ ცოდვილი ქალივით, კვლავ პირისპირ არის დარჩენილი მაცხოვრის წინაშე და კვლავ ესმის თავისი მისამართით: „…არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ”. ამისთვის კი, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რომ საქმით, და არა სიტყვით ხელისუფლებამ გამოასწოროს თავისივე ხელით ლამის ჩიხამდე მიყვანილი სიტუაცია, თუ არა და ჩაგვქოლავენ, წარბის დახამხამების გარეშე ჩაგვქოლავენ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ყალბი პროტესტი

პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე… მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის…

ზღაპარი ევროკავშირის მედიაციაზე

წიწილებმიტოვებული, ვითომ უბედური და საწყალი, სინამდვილეში კი ერთი “ნაგლი” ქათამი ჩუმად იჯდა საქათმესთან და სევდას იყო მიცემული: “რა…

რუსული პარტია საქართველოში

ის რაც გუშინ პოზნერთან მიმართებაში ვიხილეთ, არც პატრიოტიზმთან და არც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აკავშირებს. პრობლემა არც 87 წლის…